|
შპს ”საქართველოს რკინიგზის” ინიციატივითა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობათშორისო ორგანიზაციაში (OTIF) გაწევრიანდება. გადაწყვეტილება ოფიციალურად ძალაში 2012 წლის 1 მაისს შევა.
საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობათშორისო ორგანიზაცია 1980 წელს დაარსდა. ორგანიზაცია უზრუნველყოფს წევრი ქვეყნებისათვის საერთაშორისო გადაზიდვებისა და მგზავრთა გადაყვანის ერთიანი ნორმატიული სისტემის შემუშავებას. საქართველოსთან ერთად, ორგანიზაციის წევრები არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, დანია, ნორვეგია, თურქეთი, შვედეთი, ბელგია და სხვა.
როგორც მოგეხსენებათ 2007 წელს დაიწყო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურას, თურქეთის გავლით, დასავლეთ ევროპასთან დააკავშირებს, უფრო იაფი და მოკლე სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით. ახალი სარკინიგზო ხაზი თავისთავად გაზრდის საქართველოს რკინიგზის, როგორც ევროპასა და აზიას შორის ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციას, რაც პირდაპირ კავშირშია ტვირთნაკადების მოცულობის ზრდასთან.
პროექტი ასევე ითვალისწინებს სამგზავრო მატარებლების მოძრაობასა და სამგზავრო გადაყვანებსაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, როგორც ტურისტული ქვეყნის მნიშვნელობის გაზრდისათვის.
შესაბამისად, OTIF-ში გაერთიანება ქვეყანას საშუალებას მისცემს აწარმოოს სარკინიგზო გადაზიდვები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დანერგილი და მრავალი წლის განმავლობაში აპრობირებული საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციების ფარგლებში. |