კომპანიის შესახებპროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზა გადამზიდავებისთვის ახალ სერვისს ნერგავს
მაისი 12, 2017

საქართველოს რკინიგზამ ტვირთმფლობელებისა და ექსპედიტორებისათვის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტების ელექტორნულ ფორმატში წარმოების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა რეგიონში პირველი სარკინიგზო გადამზიდავია, რომელიც აღნიშნულ სისტემას ნერგავს. ნოვაცია დაფუძნებულია საქართველოს რკინიგზის მომხმარებლებისათვის მოსახერხებელ ერთი ფანჯრის პრინციპზე. აღნიშნული სისტემის საშუალებით კლიენტის მიერ გადაზიდვის დოკუმენტების ფორმირება ოფისიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს დაზოგოს ადამიანური და მატერიალური რესურსი. სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტების ელექტორნულ ფორმატში წარმოების სისტემა პროცესის გამჭვირვალობის, ონლაინ რეჟიმში კლიენტის ინფორმირებულობის, საიმედოობისა და საჭიროების შემთხვევაში მათზე წვდომის მოქნილობის შესაძლებლობას იძლევა. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა რკინიგზის ფილიალ ,,ვორლდ ბიზნეს სოლუშენსის“ პროდუქტია. სწორედ ეს ფილიალი მუშაობს პროგრამის დანერგვასა და სისტემურ უზრუნველყოფაზე.

,,დღვანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმ სიახლეების გაცნობას, რომელიც საქართველოს რკინიგზამ ბოლო დროს დანერგა. კომპანიაში ბევრი სიახლეა როგორც საკონტეინერო გადაზიდვების, ასევე სავაგონო გზავნილების მიმართულებით. ფასების ლიბერალიზაციის კუთხით გვაქვს გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილობრივ საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასის დაფიქსირება ლარში მოხდება, რაც საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გზავნილების ზრდას ხელს შეუწყობს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვის პრეზენტაცია. ჩვენ ექსპედიტორებს ახალი სერვისი შევთავაზეთ და მათთან განვიხილეთ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი,“ - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ფილიალ ,,სატვირთო გადაზიდვების“ დირექტორმა გურამ გურამიშვილმა.

,,მოხარული ვარ, რომ საქართველოს რკინიგზა ამ ინიციატივით შემოვიდა. ეს იქნება ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყველა ორგანიზაციისათვის, ვინც დაკავებული არის სარკინიგზო გადაზიდვით, ვინაიდან ძალიან დიდი დრო დაიზოგება. დოკუმენტის გაფორმების დროს საკმაოდ აქტიური რეჟიმი არის, რაც ძალიან ხელს გვიშლის. დოკუმენტბრუნვის პროცესის გამარტივების პროცედურა დაიწყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა კომპანია ,,აგრიკომის“ დირექტორმა ქეთევან კუბლაშვილმა.

,,როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო, ახალი პროცედურის შექმნა უკვე აუცილებელია. იმიტომ რომ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და გაადვილდება დოკუმენტბრუნვის კონტროლი. ასევე გაიზრდება გადაზიდვების ორგანიზების მასშტაბი. ეს გასაკეთებელია, მაგრამ როგორც ყველა სიახლე, თავიდან სირთულეს გამოიწვევს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს გადავიდეს ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაზე, ასე რომ რკინიგზაზეც ცალსახად უნდა გაკეთდეს,“ - განაცხადა კომპანია „U & G Agency“-ს დირექტორის მოადგილემ ნუგზარ რეხვიაშვილმა.

ასევე, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ბოლო პერიოდში საქართველოს რკინიგზაზე ტვირთების მოზიდვისა და გადაზიდვის პროცედურის გაუმჯობესების მიზნით გატარებული ღონისძიებები. ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, რკინიგზაზე სხვადასხვა მიმართულებებზე გადაზიდვების ტარიფების კორექტირება განხორციელდა. გარდა ამისა, ადგილობრივ საკონტეინერო გადაზიდვებზე ტარიფების ლარიზაცია მოხდა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შიდა საკონტეინერო გადაზიდვის სტიმულირების საშუალებას იძლევა. პრეზენტაციაზე საუბარი საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით არსებულ სხვა პროექტებსა და ცვლილებებზე იყო.

 შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ტვირთმფლობელები და ექსპედიოტრები. ასევე, სატვირთო პორცესებთან დაკავშირებული პირები. ახალი სერვისის შეთავაზებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრა კონსტრუქციულ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზისა და ტვირთმფლობელებისა და ექსპედიტორებს შორის კომუნიკაციის გაღრმავების მიზნით, ყოველკვარტალურად მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება. ასევე, საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, სატვირთო გადაზიდვების დირექტორი ,,ერთი-ერთზე“ ფორმატში დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს სისტემატურად გამართავს.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.